ახალი ამბები

ქალაქ თელავის საკრებულომ პირველი ოპოზიციური ფრაქცია დაარეგისტრირა

ფრაქციის თავმჯდომარის თანმდებობა „ახალი მემარჯვენეებიდან“ თელავის საკრებულოს წევრმა ნიკა ვარდოშვილმა დაიკავა. ფრაქციის შემდგენლობაში, ვარდოშვილის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლევან არჯევანიძე და ბაადურ რევაზიშვილიც შევიდნენ. 
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინება, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ფრაქცია „ძლიერი თელავის“-ს დაფუძნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად საკრებულო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და რეგისტრაციაში გაატაროს ფრაქცია „ძლიერი თელავი“,- განაცხადა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ანზორ სულხანიშვილმა.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები „ახალი მემარჯვენეებიდან“ ნიკოლოზ ვარდოშვილი, “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაადურ რევაზიშვილი და ლევან არჯევანიძე 2014 წლიდან ითხოვდნენ ოპოზიციური ფრაქციის შექმნას, რომელზეც წარმომადგენლობითმა ორგანომ უარი უთხრა.

დეპუტატებმა საკრებულოს გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმე მოიგეს. სასამართლომ გააუქმა საკრებულოს გადაწყვეტილება და წარმომადგენლობით ორგანოს ფრაქცია „ძლიერი თელავის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ ადმინისტრაციულ სამართლებრივი-აქტის გამოცემა დაავალა. ქალაქ თელავის საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა პალატამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საკრებულომ საკასაციო საჩივარით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკრებულოს საკასაციო საჩივარი. 
ქალაქ თელავის საკრებულოში ამ დრომდე მხოლოდ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნება” ფუნქციონირებდა.