ახალი ამბები

საარჩევნოდ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე აგიტაცია იკრძალება

აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ეს არის ერთ-ერთ იმ აკრძალვათა შორის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ამოქმედდება. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. 
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები. 
“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: – საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა),”- განაცხადეს საქართველოს პარლამენტში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტაცია კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს დღეს გადაეგზავნება.