მრავალი წლის შემდეგ ლაგოდეხის ტყეებში ირემი დაბრუნდა (Photos)
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრაკონიერების გამო ირმების რაოდენობა ბარში საგრძნობლად შემცირდა, წელს კი ისინი აღკვეთილში დააფიქსირეს. ირმები ფოტომახემ ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე გადაიღო.
„იყო პერიოდები, როდესაც ბარში ირმებს ხშირად ნახავდით. ლაგოდეხის ტყეებში ცხოველის ამ სახეობის წყვეტა ტითქმის არ ყოფილა. 90-იანი წლების შემდეგ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2006 წლიდან როდესაც დაცული ტერიტორიების რეფორმა დაიწყო, გაუმჯობესდა ყველა ცხოველის პოპულაცია. 2015 წლის მონაცემებით, ირმის რიცხოვნობა 300-ს გადასცდა. წელს არის პირველი შემთხვევა, რომ ირმის რამდენიმე ჯგუფი აღკვეთილში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1000 მეტრში იმყოფება. როგორც ჩანს ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამ მხრივ მოსახლეობის ცნიბიერებაც შეცვლილია“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
ამჟამად ირემი შემორჩენილია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ – ხარაგაულის ეროვნულ პარკში, გარდაბნის აღკვეთილში და ბოლო მონაცემებით მისი არსებობა დასტურდება თუშეთის ეროვნულ პარკში.
ირემი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში კრიტიკულად საფრთხეში მყოფის (CR) სტატუსით და მას განსაკუთრებული დაცვა და მზრუნველობა ესაჭიროება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ფოტოები.