თელავში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქალთა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა
ყრილობაზე პარტიის წევრებმა ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლია იმერლიშვილი აირჩიეს. როგორც knews.ge-ს “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა, ორგანიზაციის შექმნის მიზანია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობისა და გააქტიურების გაზრდა.
„პოლიტიკაში ქალების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალები პარტიის საქმიანობაში ისედაც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება პოლიტიკაში მათ მონაწილეობას უფრო ორგანიზებულს და აქტიურს გახდის. ორგანიზაცია აქტიურად ითანამქშრომლებს არასამთავრობო სექტორთან. ველოდებით, რომ ქალთა ორგანიზაციისაგან ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოვა“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
პარტიის ქალთა ორგანიზაციები ყვარელში,გურჯაანში, საგარეჯოში, ლაგოდეხსა და სიღნაღში უკვე ფუნქციონირებს. ბოტკოველის განცხადებით, უახლოეს მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ ქალთა ორგანიზაციებს ახმეტასა და დედოფლისწყაროშიც დააფუძნებს.