ბიძინა ივანიშვილის უცნობი ოფშორული კომპანია ჟურნალისტური გამოძიების საგანი გახდა
ანონიმური წყაროს მიერ გავრცელებული ოფშორული კომპანიების დოკუმენტაციის შესწავლით ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ნინო ბაქრაძემ და დეივ ბლოსმა, იპოვეს ბიძინა ივანიშვილის კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „Lynden Management LTD“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის დროს ფლობდა, მაგრამ მაშინ შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან, OCCRP–სა და სხვა 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა დოკუმენტებს, რათა გამოეაშკარავებინა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა კავშირები ოფშორულ ჰოლდინგებთან, გლობალურ სკანდალებთან, მათი ფარული ფინანსური ოპერაციები თაღლითებთან, ნარკომოვაჭრეებთან, მილიარდელებთან და ვარსკვლავ სპორტსმენებთანაც კი.
სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ICIJ-ს სპეციალურ საიტზე, სადაც მასალები და მომზადებული რეპორტაჟები ქვეყნების და მოქმედი პირების მიხედვითაა დალაგებული. ეს ჟურნალისტური გამოძიება მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მასალების სერიიდან, რომლებზეც 80-ზე მეტი ქვეყნის 110-ზე მეტი მედიასაშუალების ჟურნალისტები მუშაობდნენ. ამ ჟურნალისტური კვლევების გაცნობა მკითხველს შეუძლია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ვებგვერდზე: www.icij.org
ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავებული დოკუმენტაცია ეხება მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს, ხელოვანებს, სპორტმენებს. აღნიშნულმა დოკუმენტებმა გამოაშკარავა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პანამაში 2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გადამალული თავისი უახლოესი მეგობრების დახმარებით. პანამის დოკუმენტებში ასევე არის ჩინეთის პრეზიდენტის, პაკისტანის, ისლანდიის, ბრიტანეთის პრემიერების სახელები და ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე, დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში უკვე დაწყებულია გამოძიება მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო. გასაჯაროვებული დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ფინანსებსაც.