ლაგოდეხის 4 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
როგორც knews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6 კილომეტრია და მისი ღირებულება 2 300 000 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„გზას, რომელიც 4 სოფელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია. შესაბამისად, ის მწყობრიდან იყო გამოსული და მასზე გადაადგილება მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მასზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ასფალტო- ბეტონის საფარის მოწყობა. მუნიციპალური განვითარების ფონის ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი: წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები, გრუნტის პროფილირებული არხები, განხორციელდება გზის მონიშვნის და უსაფრთხოების სამუშაოები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.