ახალი ამბები

,,ისლამი არ ავალდებულებს არასრულწლოვან ახალგაზრდებს ქორწინებას”

ისინი ეხმაურებიან 25 მარტს სხვადასხვა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში მომზადებულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც “ტრადიციული ისლამის” წარმომადგენელმა იმამებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “უხუცესთა საბჭომ” მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ პანკისის ხეობაში 18 წლამდე ქორწინებას რელიგიურად აღარ დააკანონებენ.

,,ამ კანონის მიღება განაპირობა კონსტიტუციურმა ცვლილებამ, რაც კრძალავს ნაადრევ ქორწინებას. თემა გაშუქდა იმ კუთხით, რომ თითქოს ეგრეთწოდებული ფუნდამენტალური ისლამის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციურ ნორმას, რაც ითვალისწინებს ნაადრევი ქორწინების აკრძალვას. 

პანკისის ხეობის მკვიდრ მუსლიმებს გვსურს უფრო დეტალური განმარტება გავაკეთოთ ამ საკითხთან მიმართებაში. აღსანიშნავია ის, რომ საქართველო არის სახელმწიფო და საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იღებს, აუქმებს, ცვლის და ა.შ სხვადასხვა კანონებს. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით ვითარდება. განსხვავებით სახელმწიფო სისტემისა რელიგიას აქვს საკუთარი წესი და კანონი, რომლის მიხედვითაც ხდება რელიგიური საკითხების გადაწყვეტა. ისლამში აკრძალულად და დაშვებულად ითვლება ის, რაც აკრძალულია ან დაშვებულია უზენაესი ღმერთის მიერ. ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, არ შეგვიძლია და არ ძალგვიძს ახალი აკრძალვების შეტანა რელიგიაში. ეს არის ელემენტარული ანაბანა ყველა ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევარისთვის. ანუ სახელმწიფოს შეუძლია ადამიანთა შეხედულების მიხედვით ცვალოს კანონები, მაგრამ რელიგიური კანონები შეუძლებელია იცვლებოდეს სახელმწიფო კანონების საფუძველზე ან მის კვალდაკვალ. 

გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისლამი არ ავალდებულებს და არ აიძულებს არასრულწლოვან ახალგაზრდებს ქორწინებას, თუმცა თუ ასეთი შემთხვევა მოხდა და ადამიანებმა გადაწყვიტეს თანაცხოვრება, რელიგიურად ამ კავშირის არ დაკანონებამ შესაძლოა ისინი უფრო დიდ ცოდვამდე მიიყვანოს. ამ საკითხზე პასუხისმგებლობა კი სწორედ იმამებს და რელიგიურ წინამძღოლებს ეკისრებათ. მეჩეთში იმამი ზრუნავს თავისი მრევლის სულიერ მდგომარეობაზე, ცოდვისა და მადლის გარჩევაზე. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ რელიგიურად ეს აკრძალვა არის გაუმართლებელი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პიროვნულად ნაადრევი ქორწინების მომხრე ხელზე ჩამოსათვლელად თუ მოიძებნება ხეობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისლამში ახალი კანონების შეტანის უფლება გვქონდეს. თემის იმ სახით წარმოჩენა, სადაც რელიგიური კანონები და კონსტიტუციური ნორმები იქნა ხელოვნურად ურთიერთდაპირისპირებული, დაუშვებლად მიგვაჩნია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო კანონმდებლობა არეგულირებს სამოქალაქო ქორწინების საკითხებს, რელიგია კი ღვთის წინაშე ქორწინების კანონიერებას. გვსურს დავიჯეროთ, რომ საქართველოში რელიგიური თავისუფლება კანონმდებლობით არასდროს შეიზღუდება და საქართველო მუდმივად იქნება ტოლერანტულად განწყობილი მუსლიმანების რელიგიური გრძნობების მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო აღნიშნულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ.