ახალი ამბები

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის 6 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის 6 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. 

“ბრალდებულები, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედის ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს. საგამოძიებო სამსახურმა არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოიღო ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.