ფერმერებს რძის ხარისხის შესამოწმებლად აპარატურა გადაეცემათ
პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. “პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა. აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს,”– განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურისვე ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები მოაწყობენ არამარტო რძის შემკრებ პუნქტს, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი 75 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურა.
“ამჟამად დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა მათ დაეხმარება არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ,”– განაცხადა პრემიერმა.