პანკისში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო აღნიშნულ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა. საბჭოს თავმჯდომარის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, თვრამეტ წლამდე გოგონა სკოლის მოსწავლეა, მისთვის ოჯახური ტვირთი მძიმეა და მან უნდა შეძლოს სწავლის დასრულება.
,,ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახში ქალის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლოა და არასრულწლოვნისთვის ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაც უკვე კრძალავს არასრულწლოვანთა ქორწინებას. ბოლო პერიოდში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში თითქმის აღარ ფორმდებოდა არასრულწლოვანთა ქორწინება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება უფრო მეტად შეცვლის ვითარებას. ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ფუდამენტალისტური ისლამის მიმდევრები არიან. თუნდაც ისინი, რომლებიც საკუთარ ხალხს ჯამაათის კაცებს უწოდებს (მათ ვაჰაბიტებსაც ეძახიან), თუმცა მათი მიმდევრობა ტრადიციული ისლამისგან განსხვავდება და აღნიშნულ საკითხზეც სულ სხვა შეხედულებები აქვთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მათ კი – თავისი”, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს” ხასო ხანგოშვილმა.