2014-2015 წლებში საქართველოში 53 ქალი მოკლეს
პროკურატურის ინფორმაციით, 2014-2015 წლებში საქართველოში 53 ქალი მოკლეს. ოჯახურ ძალადობას 27 მათგანი ემსხვერპლა, ხოლო 26 ქალი კი სხვა მოტივით მოკლეს. ირაკლი შოთაძის უწყების ცნობით, 53 მკვლელობიდან 35 შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, 18 კი 2015 წელს მოხდა. 2014 წელს ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალთა მკვლელობის 19 ფაქტი შემთხვევა გამოვლინდა, 2015 წელს კი – 8.
როგორც Knews.ge-ს პროკურატურაში განუცხადეს, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ქალის მკვლელობის 8 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა, 4 -კახეთში, 3 – შიდა ქართლში, 3 – აჭარაში, 2 – ქვემო ქართლში, 2 – სამეგრელოში და 5 – დასავლეთ საქართველოში. 22 ქალი სახლში მოკლეს, 5 შემთხვევა კი სავაჭრო დაწესებულებასა და უნივერსიტეტში გამოვლინდა.
„მოკლული ქალებიდან ერთი 18 წლამდე ასაკის იყო, 2 გარდაცვლილი – 18-25 წლამდე ასაკის, 6 – 25-35 წლამდე, 4 მოკლული 35-45 წლამდე, 3 – 45-55 წლამდე, 3 – 55-65 წლამდე ასაკის, 7 გარდაცვლილი კი – 65 წელს ზევით ასაკის. ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარი 27 მკვლელობიდან 13 შემთხვევაში ქმარმა ცოლი მოკლა, 5 მათგანი – ყოფილი ცოლის მკვლელობისათვის გასამართლდა, ხოლო შვილის მიერ დედის მკვლელობის 4 ფაქტი დაფიქსირდა. თითო თითო შემთხვევაში კი შვილიშვილმა ბებია, მამამთილმა მიერ რძლი, მაზლმა რძალი, სიძემ სიდედრი და ბიძამ დისშვილი მოკლა.
დანაშაული12-მა პირმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, 8 შემთხვევაში მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა, 7 შემთხვევაში კი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი. მკვლელობაში ბრალდებულებიდან 22 ნასამართლეობის არმქონეა, 2 – ნასამართლევი, 2 კი -ამნისტირებული.
2014-2015 წლებში ოჯახური დანაშაულის ნიშნით მომხდარ მკვლელობებში ეჭვმიტანილმა 2-მა მამაკაცმა თავი მოიკლა, 24 პირის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 6 მათგანზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, 5 ბრალდებულის შეურაცხადობის, 1 კი ბრალდებულის გარდაცვალების გამო. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 18 პირის მიმართ გამოიტანა, აქედან 5 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ერთ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ორს – 12 წელი, სამს – 11 წლით პატიმრობა, ექვს მამაკაცს – 9 წელი, ხუთს – 7 წელი და ერთ ბრალდებულს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.