პანკისის ხეობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიქმნება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას. კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.
“კოოპერატივების შექმნა გაამსხვილებს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს, მასში მინიმუმ 5 და მეტი ფერმერის მონაწილეობის გზით, გათვალისწინებულია შეღავათებიც, კერძოდ: კოოპერატივში ჩართული ფერმერების ქონება 2017 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული იქნება ქონების გადასახადისაგან, ასევე, სასოფლო სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. თუ კოოპერატივი მიიღებს გრანტს, ამ შემთხვევაში არც ეს ფინანსური რესურსი დაიბეგრება”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მიშელაძემ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უპირატესობებს პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს გაეცნო. კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ხეობაში მცხოვრებ ფერმერებთან სოფელ დუისში შეხვედრა გამართა. მან განმარტა თუ რა ტექნიკური პროცედურების გავლაა საჭირო კოოპერატივის რეგისტრაციასა და სტატუსის მოპოვებისათვის. მიშელაძემ მოსახლეობას, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ და საგადასახადო შეღავათებზეც გაამახვილა ყურადღება.