ახალი ამბები

კონკურს ,,ფოტოსინთეზის” გამარჯვებულები კახელი მოსწავლეები გახდნენ

ჟიურიმ 53 ფინალისტიდან ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიების მფლობელებიც შეარჩია. ფოტოკონკურსის ფინალური ტური ჩატარდა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან ერთად ესწრებოდნენ პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფოტოკონკურსის თემა იყო „საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია vs. ნადირობა“. CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, კახაბერ სუხიტაშვილის განცხადებით, კონკურსის მიზანია ბრაკონიერების წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 
,,კონკურსი მიმართულია ბრაკონიერების წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის, ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის. სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი ,,ფოტოსინთეზი 2016” კახეთის რეგიონისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. კონკურსის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ თელავის N 9 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ მამულაშვილი გახდა. ის სპეციალური პრიზებითაც დაჯილდოვდა. მესამე ადგილი კი დედოფლისწყაროს N 2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი ჩერქეზიშვილმა დაიკავა”,- განუცხადა Knews.ge-ს კახაბერ სუხიტაშვილმა.
ფოტოკონკურსი განხორციელდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო.