ბრიუსელში მყოფი თელავის ვიცე მერი უსაფრთხოდაა
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, დღეს დილიდან ოთხი აფეთქება მოხდა. თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თელავის მერიაში knews.ge-სთან აცხადებენ, რომ ვიცე მერი ბრიუსელში უსაფრთხოდაა.
,,გვაქვს ინფორმაცია აფეთქების შესახებ. ვადასტურებთ, რომ თენგიზ მთვარელიშვილი იმყოფება უსაფრთხოდ და ჯანმრთელად. იგი მართავს ოფიციალურ საქმიან ვიზიტებს”, – აცხადებს Knews.ge-სთან მერიის პრესსპიკერი მურად ფანცქალაშვილი.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბრიუსელში მდებარე ნატო-ს შტაბბინაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადაწყვიტა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩვენ გადავწყვიტეთ ნატო-ს შტაბბინაში უსაფრთხოების დონე გავზარდოთ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას”, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი თვითმკვლელმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.
CNN ბრიუსელში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შესახებ ახალ მონაცემებს ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა. ბრიუსელში საქართველოდან 18 საჯარო მოხელე იმყოფება. დელეგაცია საქართველოდან ბრიუსელში 20 მარტს გაემგზავრა. knews.ge-ს ინფორმაციით, ჯგუფმა ბრიუსელი წესით, ხვალ 23 მარტს უნდა დატოვოს.