არასამთავრობო სექტორი – საარჩევნო რეფორმა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს ლახავს
კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლის თანახმად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია, პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე, ილახება ეთნიკური უმცირესობების უფლებები. შეხვედრაზე საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რედაქციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემური გახდება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება. საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი ქართულ-სომხურენოვანი, ხოლო ქვემო ქართლში სამი აზერბაიჯანულ-ქართულენოვანი ადგილობრივი მაუწყებელია.
„მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებით აშკარად იზღუდება უმცირესობების უფლებები და საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან – საარჩევნო პერიოდში, რჩებიან საინფორმაციო ველის მიღმა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, _ განაცხადა ია მამალაძემ.
პარტნიორი ორგანიზაციები ეთანხმებიან ვენეციის კომისიის და ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმის მომავალში უკეთ გახორციელების თაობაზე. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამომდინარეობს კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული პირის ნაკლები ჩართულობიდან, რამაც დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა. სამოქალაქო კულტურის საერთასორისო ცენტრის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კენდელაკის განცხადებით, აუცილებელი იყო შექმნილიყო საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საზოგადოების ფართო მონაწილეობით.
„პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ ჩართული ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პროცესი მართლაც არ იყო გამჭვირვალე, რის შესახებაც არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ვენეციის კომისიის დასკვნიდანაც კარგად ჩანს, რომ ამგვარი – გაფართოებული ფორმატის ჯგუფის შექმნა პროცესების გამჭვირვალობის, მაქსიმალური კონსენსუსისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კონსტანტინე კანდელაკმა.
პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში ჩატარებას.