პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.
,,საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, დაიკითხა 30-მდე მოწმე, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოვითხოვეთ სრული ინფორმაცია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხსენებული არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით. ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, არ დადასტურდა საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა”,- განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს.
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ უწევს წინააღმდეგობას თინა ხიდაშელის და “ნაცმოძრაობის” ერთობლივ შანტაჟს.
“საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ მზადდება დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება. ამ ძალიან საინტერესო ფილმს მალე იხილავთ. დღეს თუ არა ხვალ, ქალბატონ თინას მეორე რქაც მოტყდება და ციხეშიც ჩაჯდება. პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ (თუ არ) უწევს წინააღმდეგობას თინა გამყალბებლოვასა და “ნაცმოძრაობის” ერთობლივ შანტაჟს. ეს კი, თავის მხრივ, ცხადყოფს, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა ინაშვილმა.