თელავი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა
აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტი-დისციპლინური გუნდის წევრის, ფსიქოლოგ თამარ თუშიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილე მოსწავლეებმა თანატოლებს ბუკლეტები დაურიგეს და აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
,,სპეციალურიად ამ დღისთვის მომზადდა საინფორმაციო ტიპის ბუკლეტები და ფლაერები რომელიც თელავის ქუჩებშ გავავრცელეთ. ასევე, გავმართეთ მშვიდობიანი მსვლელობა თელავის ცენტრში, რომლის მიზანს ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული პრობლემების გააზრებას და მოგვარებას”,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ თუშიშვილმა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნა, 2011 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ორგანიზაციამ ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, მოუწოდა ყოველწლიურად აღენიშნათ ეს დღე.
თარიღი 21 მარტი სიმბოლურად შეარჩიეს, რიცხვი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.