თელავში ,,დედამიწის საათი” აღნიშნეს
აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო. აქციის მიზანი იყო ენერგიის დაზოგვა და კლიმატის ცვლილების საფრთხის თავიდან აცილება.
,,აქცია გულისხმობს ერთი საათით შუქის გათიშვას, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას, რადგან კლიმატის ცვლილების საფრთხე მოახლოვებულია და თუ ჩვენ არ ვიღონებთ რაიმეს, შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. აქციის მიზანია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა მნიშვნელობა აქვს ენერგიის დაზოგვას,”-განუცხადა Knews.ge-ს აქციის ორგანიზატორმა, თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტმა გიორგი ორკოდაშვილმა.
,,დედამიწის საათი” ერთდროულად ასსამოცმა ქვეყანამ აღნიშნა. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის CENN-ის რეგიონული კოორდინატორის, კახაბერ სუხიტაშვილის თქმით, თელავისთვის გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება ახალია და მნიშვნელოვანია, რადგან მასში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.
,,დედამიწის საათი არ არის მხოლოდ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მასში შედის ნარჩენების მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნებაზე და ტყეებზე ზრუნვა და სხვა. ჩვენი ორგანიზაციაც ცდილობს, ამ საკითხებში წვლილი შეიტანოს და გვინდა ქალაქი თელავი, კახეთი და საქართველო იქცეს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა, ბუნებრივი გარემოს მქონე ქვეყანად,”- განუცხადა Knews.ge-ს კახაბერ სუხიტაშვილმა.