თელავში ოჯახური ძალადობის შესახებ დებატები გაიმართა
დებატები არასამთავრობო ორგანიზაციების „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისთვის“, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ და „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩართული თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა მიიღეს.
,,კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის“, ნანა ათუაშვილის ინფორმაციით, დებატები „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ და კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემის გარშემო საჯარო დისკუსიის არსებობასა და პრობლემური საკითხების საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება.
,,მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებიან მოსწავლეები და ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შეხება აქვთ და მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე. ვისაუბრეთ რა კონკრეტული პრობლემები გვაქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მიმართულებით, ასევე, როგორ დავსახოთ სამომავლო გეგმები სწორად”,- განუცხადა knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.
NIMD-ის თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძეს განცხადებით, დებატების თემა მისი აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა.
,,ჩვენ გვაქვს მოდული სახელწოდებით ,,დებატები და კომუნიკაცია”, ამიტომ დავუჭირეთ მხარი აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას. მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არიან პროფესიონალები ამ სფეროში და უწევთ ხშირად დებატებზე დასწრება. გვინდოდა, სხვებითვის გვეჩვენებინა თუ რას გულისხმობს კლასიკური დებატს ფორმატი”– განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.