თელავში კამპანია ,,ეს შენ გეხება” გაიმართა
აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ბოლო დროს გავრცელებული ვიდეო კადრების საქმის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცით დასჯა. ასევე, კანონმდებლობის გამკაცრება და დამოუკიდებელი და ობიექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.
ფარული თვალთვალის და კადრების გავრცელების წინააღმდეგ თელავში აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები.
საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, მსგავსი აქციები 2012-14 წლებში ტარდებოდა და დღესაც აქტუალური გახდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
,,გასულ წლებში მსგავსი აქციებით შევძელით, მიგვეპყრო ყურადღება და გარკვეული გავლენა მოგვეხდინა საკანონმდებლო ცვლილებეზე. დღესაც ვაპროტესტებთ ფარულ თვალთვალსა და კადრების გავრცელების ფაქტებს. აქციის ფარგლებში ვცდილობთ, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება”, – აცხადებს knews.ge-სთან მარეხ მგალობლიშვილი.
სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონული კოორდინატორი, ნანა დევიძე ადამიანის პირადი სივრცის დარღვევასა და შემდგომ ფარული კადრების გავრცელებას უზნეობად აფასებს.
,,დღევანდელი აქცია აქტუალურია, რადგან აღნიშნული ფაქტები ძალზე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია”, – აცხადებს ნანა დევიძე.