ოთარ დანელია სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. ოთარ დანელიამ პანკისის ხეობის მოსახლეობას სამინისტროს საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა და განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეკონომიკურად ნაკლებად აქტიური და მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ზოგადად, სახელმწიფო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოოპერაციის ხელშეწყობაა, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. პანკისის ხეობას მეცხოველეობის და მერძევეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და კოოპერატივების განვითრების ხელშემწყობი პროექტები მნიშვნელოვნად განავითარებს აღნიშნულ დარგებს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცოთ სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი და მოტივაცია გაუჩინოთ მოსახლეობას ჩაერთონ აღნიშნულ პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიას თქმით, პანკისის ხეობის მოსახლეობამ ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასთან დაკავშირებით გამოხატა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 22 მარტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდება და კოოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად განიხილავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა.