ახალი ამბები

ქართული მატყლი ევროპის ბაზარზე გაიყიდება

ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროპის ბაზარზე დაუმუშავებელი მატყლის გატანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. ამ ეტაპზე ევროკავშირმა აღიარა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. შესაბამისად ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი (გაურეცხავი) მატყლის გატანა მხოლოდ აღნიშნულ ორ კომპანიას შეუძლია. 
საქართველოდან ევროკავშირში მატყლის პირველი საცდელი პარტია 2015 წლის სექტემბერში გაიგზავნა. “ქართული მატყლის კომპანიასა” და Curtis wool direct limited-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კომპანიას 25 ტონა მატყლი უნდა ეყიდა, 1 კგ 1,05 აშშ დოლარად, სადაც შედიოდა ტრანსპორტირების ღირებულებაც. “ქართული მატყლის კომპანიის” ხელმძღვანელის, ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლის პირველი პარტია, რომელიც ბრიტანეთში უნდა შესულიყო, საზღვრიდან უკან, საქართველოში დაბრუნდა. მისივე თქმით, პროდუქციის ქვეყანაში დაბრუნების მიზეზი ის იყო, რომ მესამე ქვეყნების იმ ნუსხაში, რომლებიდანაც ევროპის ბაზარზე დაუმუშავებელი მატყლის შეტანა ნებადართულია, საქართველო არ იყო შეტანილი და არც “ქართული მატყლის კომპანიას” ჰქონდა ევროკავშირის აღიარება. 
“ჩვენ აღიარების პროცესის დასრულებას ველოდით. Curtis wool direct limited-თან შეთანხმება ისევ ძალაშია. მათთვის საცდელი პარტიის გაგზავნას ისევ ვგეგმავთ. გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ მატყლი მოვაგროვოთ. პროდუქცია, რაც გვქონდა, უკრაინასა და ინდოეთში გავგზავნეთ. ბრიტანეთში ჩვენ მიერ ჩატანილი მატყლის გადამუშავების შემდეგ გავიგებთ, შედგება თუ არა ჩვენს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა,” – განუცხადა www.eugeorgia.info-ს ზაურ კულიევმა.
შპს “ჯორჯიან ვულის” დირექტორის, გია ხადილაშვილის ინფორმაციით, ქართული მატყლის შეძენით ერთ-ერთი გერმანული კომპანიაც იყო დაინტერესებული. “1 წლის წინ გვქონდა შემოთავაზება. რადგან ჩვენი საწარმოს აღიარების პროცესი დასრულდა, მოლაპარაკებას ისევ განვაახლებთ,” – აღნიშნა გია ხადილაშვილმა.

წყარო: www.eugeorgia.info

იხილეთ ვრცლად: http://eugeorgia.info/ka/article/394/evrokavshirma-qartuli-matyli–bazarze-daushva/