თელავში ადგილობრივი ლიდერი ქალების შესახებ დისკუსია გაიმართა
დისკუსიის მიზანს თელავის ცნობილი ქალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. დისკუსიას თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თელაველი ორი ქალბატონის, კოლექციონერ ქეთევან იაშვილისა და სცენარისტისა და მწერლის ზაირა არსენიშვილის შემოქმედებაზე.
ღონისძიების ფარგლებში აჩვენეს ნაწყვეტები ფილმებიდან, რომელთა სცენარების ავტორი ზაირა არსენიშვილია და მისი მონაწილეობით გადაღებული, საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული საზოგადოებისათვის უცნობი დოკუმენტური ფილმები.
გაზეთ ,,კახეთის ხმის’’ რედაქტორმა, შეხვედრის სპიკერმა ნატალია ცისკარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი საქართველო უნდა გაეცნოს ქეთევან იაშვილის მიერ თელავის გალერეისთვის გადაცემული მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
,,ქეთევან იაშვილი იყო გასული საუკუნის ქალბატონი, რომელმაც თელავს 200 მსოფლიო დონის ფერწერული ტილო აჩუქა. გარდა ამისა, ის ემსახურებოდა სილამაზეს, რადგან იყო პირველი კოსმეტოლოგი ქალბატონი საქართველოში, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობდა. ჩვენ მისი დამსახურებების და ღვაწლის შესახებ სიუჟეტიც მოვამზადეთ და გავაცანით ფართო საზოგადოებას. როგორც ვიცით დღეს თელავში ქეთევან იაშვილის გალერეა აღარ არსებობს, რადგან დაინგრა 2012 წელს’’,-განუცხადა knews.ge-ს ნატალია ცისკარაშვილმა.
დისკუსია ჩატარდა ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ლიდერი ქალების ღვაწლის გახსენება, რომლებმაც კულტურული ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოავნი როლი შეასრულეს.
,,ამ ეტაპზე შევარჩიეთ ორი ქალბატონი, ზაირა არსენიშვილი, რომლის შესახებაც ისაუბრა მისივე ოჯახის წევრმა და ქეთევან იაშვილი, რომელზეც ისაუბრა გაზეთ ,,კახეთის ხმის რედაქტორმა. ,,კახეთის ხმასთან’’ ერთად ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა სიუჟეტი ამ ორ ქალზეც, რომელზეც თავად ლიდერი ქალბატონები მოგვითხრობენ’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მაია ფურცხვანიძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით ცნობილი ლიდერი ქალბატონების შესახებ მსგავსი სიუჟეტები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მომზადდება.