ახალი ამბები

იაპონიაში კახური ღვინის გამოფენა მიმდინარეობს

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია: „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, “ვაზიანი კომპანი“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.
გამოფენის გახსნის დღეს ქართული ღვინის კომპანიებს გადაეცა საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 3rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2016) მიღებული ჯილდოები. 9 დასახელების ქართულმა ღვინომ ერთი ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გამარჯვებული ღვინოებია: ორმაგი ოქრო – „საფერავი რეზერვი. 2005“ კომპანია „კახური“; ოქრო – „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“; ოქრო – „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“; ოქრო – „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ოქრო – „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი – „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“; ვერცხლი – „ნაფარეული. 2013“, კომპანია „შუმი“; ვერცხლი – „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი – „საფერავი ქვევრის. 2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.
გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. სამანიშვილის განცხადებით, გამოფენის სტუმრების მხრიდან ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია.
„ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს. ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ-აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. იაპონიაში FOODEX JAPAN სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, მათ შორის, ღვინის სეგმენტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნება იაპონიის კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაზე „Wine & Gourmet Show“, რომელიც აპრილში, ტოკიოში გაიმართება“ – განაცხადა სამანიშვილმა. 
გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია „საქართველო – 8 ათასი რთველი“ წარმოადგინა. 
„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაში მონაწილეობს 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება. 
2015 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 138 290 ბოთლი ღვინო, რაც 5%-ით აღემატებოდა 2014 წლის ექსპორტს.