ხიდაშელი ბათირაშვილის ლიკვიდაციაზე – ასეთი ვარაუდი არსებობს
“ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა Palitra News-სთან კომენტარში.
ტელეკომპანია CNN და საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არცერთხელ არ დადასტურდა.”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.
პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ალ-შიშანის ლიკვიდაციის დადასტურების შემთხვევაში ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.