პანკისში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
“არანაირი ინფორმაცია არ არის პანკისის ხეობაში. კაციშვილისგან არ გამიგია. აქ ერთადერთი მამა ჰყავს, ისიც ავადმყოფია. ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ბოლო ხანებში არც მინახავს. რაც შეეხება ბათირაშვილს, მასზე მხოლოდ ის გამიგია, რომ სირიაში რომ იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე სად წავიდა, სად გაიქცა, აზრზე არ ვარ”, – განაცხადა პანკისის ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა.
ტელეკომპნაია CNN და საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ითვლება, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული.