საფრანგეთში ქართული მევენახეობა-მეღვინებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
როგორც knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.
ოთარ დანელიას უწყების განმარტებით, ღონისძიების წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი უხელმძღვანელებს.
“დღეს, როდესაც საქართველო ევროპასთან ინეგრაციის გზაზე დგას, ამასთან გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ქართული პროდუქციის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაცია და პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბორდო წარმოადგენს მეღვინეობის მსოფლიო ცენტრს. შესაბამისად, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე საქართველო წარსდგეს არა მხოლოდ ერთი – მეღვინეობის მიმართულებით, არამედ კომპლექსურად – კულტურული, ეთნოგრაფიული, ისტორიული მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულია სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრმა პირველ საპატიო სტუმრად საქართველო როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მიიწვია.