„მეტი ქალი პარლამენტში“ – აქციას თელავშიც შეუერთდნენ
აქციაში მონაწილეობდნენ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მოქალაქეები, კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლება მოითხოვეს.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული გენდერული თანასწორობის კლუბის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს, რომლითაც ქალებს საშუალება მიეცემათ, გააქტიურდნენ და ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა.
,,დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს. სწორედ ამიტომ, შარშან, 2015 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვეთ სავალდებულო კვოტები – საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების 25% წარმომადგენლობას პარლამენტში. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას”,- განუცხადა Knews.ge-ს აქციის ორგანიზატორმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მაია ფურცხვანიძემ.