თელავში 2016 წლის ქალბატონი აირჩიეს
თელავის გენდერის მედიაცენტრის მიერ დაწესებული წლის ქალბატონის ტიტული world vision კახეთის სამხარეო განვითარების პროქეტის მენეჯერს, ნანა ათუაშვილს ერგო. წლის ქალი თელავში უკვე მეორე წელია აღინიშნება და ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდას რეგიონულ დონეზე.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული ქალბატონების მხრიდან გავხდი წარდგენილი ამ პრიზზე. მოხარული ვარ, რომ „მედია კაფე“ ამდენი სასარგებლო ღონისძიებით ამდიდრებს ქალაქს,“– განუცხადა knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა.
წელს ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეცვლილი იყო ხმის მიცემის პროცედურა. ნომინაციაზე წარდგენილი 25 ქალბატონიდან სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერა შესაძლებელი იყო ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით.
წლის ქალის დაჯილდოვების ცერემონიას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.
დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის”, თელავის გენდერის მედია ცენტრისა და გაზეთ „კახეთის ხმის“ ორგანიზებით და მიზნად ისახავდა აქტიურ ქალთა მხარდაჭერას.
გამარჯვებულს სპეციალურ ჯილდოსთან ერთად სასტუმრო კომპლექს „შატო მერეს“ მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა, ნანა ათუაშვილს სამახსოვრო ჯილდოები გადასცა თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES.