ომბუდსმენი ადგილობრივ თვითმმართველობებს გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ მოუწოდებს
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტი, უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს. ნანუაშვილი განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევას, რაც ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი წარმომადგენლობის ხელშეწყობას გულისხმობს.
„ჯერ კიდევ 1917 წელს, კატო მიქელაძე წერდა: „ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო“. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!“. ვიზიარებ კატო მიქელაძის სიტყვებს და მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, „ხალხოსნური“ მმართველობის მისაღწევად“, – აცხადებს ნანუაშვილი.
ომბუდსმენის აზრით, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ნანუაშვიულის ტქმით, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა.
„ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.