თელავში ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები, სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ირინა ლაშხის თქმით, დისკუსია დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა.
,,პარტნიორ ორგანიზაციებთან ეროვნული ბანკის წარმომადგენელ თორნიკე რევიშვილთან და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან შიო ხეცურიანთან ერთად ვმართავთ ამ შეხვედრებს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამართული შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე მოსახლეობის ინფორმირებას. ჩვენ ჩავდივართ ქალაქებსა და სოფლებში, რათა მოქალაქეებს, ძირითადად ახალგაზრდებს და სტუდენტებს ვესაუბროთ რა სარგებელი მოაქვს და რა დადებითი მხარეები აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სვლას. გვაინტერესებს ასევე ახალგაზრდების აზრის მოსმენაც”,- განუცხადა Knews.ge-ს ირინა ლაშხმა.
შეხვედრა პროექტის “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში გაიმართა.