თელავში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ფილმი აჩვენეს
ფილმი ეხება საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებსა და ქალებზე ქართული კულტურის და ტრადიციის გავლენას.
ფილმის რეჟისორის, კინოდოკუმენტალისტის, ლია ჯაყელის განცხადებით, ქალზე ძალადობის ფაქტების შემცირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებმა კანონის აღსრულების მხრივ ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები უნდა განახორციელონ. მისივე თქმით, აუცილებელია სამართალდამცავი პერსონალი იყოს უფრო მეტად კომპეტენტური და მგრძნობიარე ამ საკითხების მიმართ.
,,ფილმში ასახული არ არის ქალზე ძალადობის ისეთი თვალსაჩინო შემთხვევები როგორიც სხვა ფილმებშია. სინამდვილეში კულტურა ძალადობს ადამიანზე და მოქმედებს მის ცხოვრებაზე. ჩვენს კულტურაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ოჯახი, რაც თავისთავად დასაფასებელია მაგრამ ხშირად მის ღირებულებებს ეწირება ადამიანის თავისუფლება და მისი ბედნიერება. საქართველოში ჯერ კიდევ ოჯახიშვილობა უფრო ფასობს ვიდრე პიროვნულობა. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე დაფიქრდნენ ადამიანები და იმსჯელონ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლია ჯაყელმა.
ფილმის ჩვენება გაიმართა მარტის თვის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ქალთა ისტორიის თვეს ეძღვნება. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.