შირაქის ველზე ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) შირაქის ველზე ახორციელებენ პროექტს „შირაქის ველზე ხანძრების ზეგავლენის ეკონომიკური შეფასების კვლევა ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს, როგორ აიცილოს თავიდან შირაქის ველზე ხანძრის გაჩენა და გამოიყენოს ნამჯა სხვადასხვა დანიშნულისათვის.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არასამთარობო ორგანიზაციების მონაწილეობა ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში, რაც შირაქის ველზე ცეცხლის გაჩენის საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს.
,,მხოლოდ ნაკვეთებში ბალახზე ცეცხლის წაკიდების აკრძალვით აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება, რადგან ხანძარი ხშირად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში თავადაც ჩნდება. ამისთვის საჭიროა, როგორც ფერმერებთან ასევე მესაქონლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ნამჯა შეიძლება გამოიყენონ არა მხოლოდ საქონლის საკვებად, არამედ სხვა დანიშნულებითაც – მაგალითად, სათბობად, სოკოს სათბურებში დასათბილებლად და სხვა. ასეთი კომპლექსური მიდგომებით აღმოიფხვრება პრობლემები და შემდგომ წლებში ხანძარიც უფრო ნაკლებად დაგვაზარალებს“ – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 ივნისს შირაქის ველზე 30 ჰექტარი ხორბლის ყანა დაიწვა.