ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობამ 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 9 მარტამდე შეეძლებათ. გამგეობაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში; საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და საინფორმაციო საკითხებში; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი საზოგადოებრივი მომსახურებისა და კეთილმოწყობის საკითხებში; ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზედამხედველობის განხორციელების საკითხებში; სპეციალისტი კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში; სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილების უფროსი. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 400–დან 810 ლარამდეა განსაზღვრული.
„კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ისინი საკონკურსო საატესტაციო კომისიამ არ შეარჩია, შეუნარჩუნდებათ ტესტირებაზე მიღებული ქულები. კანდიდატს შეუძლია, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტები შედგება 60 კითხვისგან, რომელიც მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარებს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად 51%-იანი ზღვარი, მინიმუმ 31 ქულა უნდა გადალახონ.