თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცეს
გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, იმის გამო, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მაისამდე ჩაკეტილია, ადგილობრივები საკვებით და პირველადი დახმარების მედიკამენტებით ვერტმფრენის საშუალებით მოამარაგეს.
ბაიდაურის ინფორმაციით, 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში თუშეთში მაცხოვრებლების სოციალური დახმარების პროგრამა განისაზღვრა 3 000 ლარით, რაც ითვალისწინებს მათთვის წელიწადში ორჯერ 50 ლარიანი პაკეტების გადაცემას.
,,ამ დროისთვის თუშეთის სხვადასხვა სოფელში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს. სწორედ მათთვის ამოვიტანეთ სურსათი და მედიკამენტები. ვფიქრობ, რომ ეს დახმარება აქ მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ადგილობრივებმა კარგად იგრძნონ თავი, საკუთარ სახლებში დარჩნენ და არსად წავიდნენ, რომ სოფელი არ დაიცალოს მოსახლეებისგან”,- განაცხადა ბექა ბაიდაურმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ახმეტა-თუშეთი-ახმეტის მიმართულებით ფრენების განხორციელების მიზნით, ვერტმფრენის მომსახურება 70 000 ლარად შეისყიდა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ავია კომპანია „თუშეთი“, ახმეტა-თუშეთი-ახმეტის მიმართულებით, წლის განმავლობაში, კიდევ 3 ფრენას განახორციელებს. ბექა ბაიდაურის უწყება ვერტმფრენის მომსახურებას ყოველწლიურად ყიდულობს.