თელავის სკვერში დიოდური სანათები დაამტვრიეს
მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად თელავის მერიამ ქალაქში კამერების დამონტაჟების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო. 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი კამერების შეძენისა და მონტაჟისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო.
,,კამერებით ქალაქის ცენტრალური ნაწილის აღჭურვა წელს დაიწყება. მიზნობრიობა კამერების განთავსებისა არის ის, რომ დავიცავთ თითოეული მოქალაქის უფლება და ქალაქის ქონება. 2 სათვალთვალო კამერა უკვე დამონტაჟებულია ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან ეფექტური საშალება იმისთვის, რომ დავიცვათ ქალაქის ქონება, ასევე თელაველებისა და ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება. სამომავლოდ ვაპირებთ ლოკალური ქსელის გაყვანას და მისი მუშაობის უზრუნველყოფას“, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
თელაველები კამერების ქალაქში განთავსებას დადებითად აფასებენ. ნუნუკა გაბისაშვილის განცხადებით, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება აუცილებელია. მისივე თქმით, ქალაქის სკვერებში არსებულ სანათებს, სკამებს და ნარგავებს ხშირად აზიანებენ.
,,უნდა ვთქვა, რომ თუ მკაცრი კონტროლი არ არის, სამწუხაროდ, ვერაფერს ვინარჩუნებთ. ამ სკვერში უკვე მერამდენედ დაამტვირიეს ნათურები, ადრეც დააზიანეს გარეგანათება, სკამები და სანაგვე ურნები. მთელ ქალაქში უნდა იყოს კამერები დამონტაჟებული და მერე ზომებს უნდა მიმართოს ქალაქის მერიამ, რომ ასეთი ვანდალური ფაქტები შემცირდეს”, – აღნიშნა ნუნუკა გაბისაშვილმა.
თელავის მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სათვალთვალო კამერების განთავსება იგეგმება.