გაეროს ოფისის ეზოში ქვევრი განთავსდა (Photos)
საქართველოს მთავრობამ, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ქვევრი, გაეროს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.
ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაეროს გენერალურმა დირექტორმა მიხაელ მიოლერმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაეროში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ძეგლის წარმოშობის შესახებ.
„ეს არის ჩვენი, საქართველოს ხილვადობის და ჩვენი ტრადიციების წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ აქ დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს ქართული ქვევრის ღვინოებით“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ღვინის გზა“ ჩვენება. დამთვალიერებელს ქვევრის ისტორიისა და საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ სამახსოვრო ბროშურები გადასცეს.