ახალი ამბები

ეთიკის ქარტიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის საჩივარი არ დააკმაყოფილა

განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი აცხადებდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ეკა გაგუას სიუჟეტში “გურჯაანის მუნიციპალიტეტი – ფინანსური დარღვევები და მილიონობით გაფლანგული ლარი” დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭომ საქმე 27 თებერვალს განიხილა და მიიჩნია, რომ გაგუას პირველი და მესამე პრინციპი არ დაურღვევია.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი, ზვიად ბიაშვილი ესწრებოდა. ამ პროცესში სიუჟეტის ავტორს, ეკა გაგუას მონაწილეობა არ მიუღია.
,,მე ვითხოვდი და ახლაც ვთვლი, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის კონკრეტული მუხლები და საზოგადოებას არ მიაწოდა სრული ინფორმაცია. სიუჟეტში დამახინჯებული იყო კონტექსტი და არ შეიცავდა ზუსტ დეტალებს. ძალიან ცუდია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ქარტიამ, მაგრამ თავს ვიკავებ ამის შეფასებისგან. რადგან ქარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ ხდება, შესაბამისად არ არის შესაძლებელი მომდევნო ინსტანციას მივმართო, თორემ აუცილებლად გავასაჩივრებდი”,- განუცხადა Knews.ge-ს ბიაშვილმა.