კახეთში ახალი წყალსატევის მეშვეობით 140 ჰექტარი მოირწყვება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მევენახეები ჩივიან, რომ გვალვების გამო ვენახები უფუჭდებათ, უწყლოობის გამო კი, ვაზის ძირები ხმება. ,,რამდენი წელია ვამბობთ, რომ მოაწესრიგონ სარწყავი სისტემა. ეს ჩვენს შემოსავალს გაზრდის და მოსავალსაც უკეთესს მოიყვანს. წყალიც ძვირია მანქანებით რომ მივიტანოთ ნაკვეთამდე სოფლის წყაროდან. მეტი სტიმული გვექნება მუშაობისა და ჩვენი ზარალიც ნაკლები იქნება. წინა წლებშიც დიდი ზარალი ვნახე, ძლიერი სიცხის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. ნელ-ნელა მიწის დამუშავება აზრს კარგავს და ამიტომაც არის მიწას ცოტა ადამიანი ამუშავებს “, – აცხადებს knews.ge-სთან გოჩა ჯაჭვაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევის მოწყობის პროექტი დაასრულა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ვაჩნაძიანის წყალსატევი ერთ-ერთია სამი საპილოტე პროექტიდან, რომელიც კომპანიამ ირიგაციის თანამედროვე მეთოდის – წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. ,,წყალსატევში მოხდება 10 000 მ3 წყლის მარაგის დაგროვება, რომლითაც მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით. კახეთის რეგიონში ხორციელდება, ასევე, ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ მიმდინარე წლის სარწყავი სეზონისათვის მიმდებარე 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად მოსახლეობის მიერ წვეთური ირიგაციის სისტემები იქნება გამოყენებული”, – აცხადებს მინისტრი.