სტატიები

პროფესიული განათლების სისტემის შესახებ

თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში პროფესიული განათლების როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და იგი უკვე განიხილება, როგორც ცხოვრების მანძილზე სწავლის, თვითრეალიზაციის, სოციალური კეთილდღეობის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშემწყობი სისტემა.

ეს მიდგომა ასახულია საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში (2013-2020 წლებისათვის), რომელიც 2013 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მომზადდა. სტრატეგიის განხორციელების შედეგად 2020 წლისათვის უნდა იყოს მიღწეული კონკრეტული შედეგები პროფესიული განათლების ხარისხის გაზრდის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლიდან აქტიურად დაიწყო სტრატეგიის განხორციელება შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიხედვით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება, რაც მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას გულისხმობს. ტრადიციულად, საგანმანათლებლო პროგრამები საგნებზეა დაფუძნებული. მოდულური მიდგომით კი როგორც პროგრამის შემუშავება, ასევე უშუალოდ სწავლება, ეფუძნება ცალკეულ თემებს, მოდულებს, რომელთა შემუშავებაშიც თავად დამსაქმებელი მონაწილეობს. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ისიც, რომ მოდულურ პროგრამებში აქცენტები კეთდება არა მხოლოდ პროფესიული უნარების (ხელობის, პროფესიის შესწავლა) განვითარებაზე, არამედ საბაზო (წიგნიერება, მათემატიკური უნარები და სხვ.) და საკვანძო უნარების (მეწარმეობა, უცხო ენაზე კომუნიკაცია, ციფრული კომპეტენციები და სხვ.) განვითარებაზეც.

შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, სწავლის შედეგებზე ორიენტაცია, პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება და სწავლება-შეფასები სთანამედროვე მიდგომები მოდულური პროგრამების ძირითადი მახასიათებლებია. მოდულური პროგრამები გაცილებით მოქნილია და მორგებულია როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის/ სამუშაოს მაძიებლის საჭიროებებზე. 2015 წლის ნოემბრიდან სისტემაში დაინერგა 45 მოდულური პროგრამა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების ქსელის გაფართოებაზე, ახალი საგანმანთლებლო დაწესებულებების დაფუძნების და არსებული კოლეჯების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და სასწავლო ბაზების რეაბილიტაცია/მოწყობა ჭრილში. მაგალითად, კახეთის რეგიონში 2015 წელს დასრულდა დედოფლისწყაროსა და ალვანის სასწავლო ბაზების რეაბილიტაცია და დაიწყოს ლაგოდეხის სასწავლო ბაზის რეაბილიტაცია. სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტულია არსებული დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარება, დაწესებულებებში თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მოგეხსენებათ, რომ პროფესიული განათლება განიხილება, როგორც პირის შრომის ბაზარზე გასვლის უმოკლესი გზა დასაქმებისა და თვითდასაქმების კონტექსტში. საგულისხმოა, რომ 2014 წლიდან დაიწყო კურსდამთავრებულთა ყოველწლიური კვლევა, სწავლის შემდგომ საქმიანობაზე (დასაქმება/ თვითდასაქმება, სწავლის გაგრ- ძელება და ა.შ) დაკვირვების მიზნით. 2014 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით მაღალია 2013 წლის კურსდამთავრებულთა მაჩვენებელზე. მოსალოდნელია, რომ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად ეს ტენდენცია წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდი იქნება.

კურსდამთავრებულთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს შესწავლილ იქნა ევროპის ქვეყნების პროფესიული განათლების სისტემების მიერ მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პრაქტიკა, გაანალიზდა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე თვისებრივი ცვლილებები და მიდგომები, რომლებიც თვითდასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. შედეგად მომზადდა ,,პროფესიული განათლების სისტემის მიერ მეწარმეობის განვითარებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის კონცეფცია“. ყველა მოდულური პროგრამის სავალდებულო კომპონენტად განისაზღვრა სამეწარმეო განათლება. დაწყებულია მუშაობა მეწარმეობის პრაქტიკული და სიმულაციური სწავლების განვითარების მიმართულებით.

2015 წელს დაიწყო 14 სახელმწიფო კოლეჯში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფაბ ლაბების) მოწყობა, მათ შორის სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“, რომელიც მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. კაჭრეთში. აღნიშნული ლაბორატორიების ფორმირება ხელს შეუწყობს პროფესიულ სასწავლებლებში ინოვაციური პროცესების წარმოებასა და განვითარებას. როგორც უკვე აღინიშნა, სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. სწორედ აღნიშნული მიმართულების ჭრილში, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობა და მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების სრულად დაფინანსების შესახებ. რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს საბაზო განათლება სახელმწიფოს დაფინანსებით აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს პროფესიულ განათლებას ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოფლის მეურნეობის, ხელოვნებისა და სხვა მიმართულებებში. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიული განათლების სისტემაში ჩაერთო 28 000-ზე მეტი პირი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ 2013 წელს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ხელშეწყობით პროფესიული განათლების სისტემაში დაიწყო ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეექმნათ ყველა საჭირო პირობა პროფესიის დაუფლებისთვის. სწავლების პროცესში ჩაერთნენ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და დამხმარე თანამშრომლები. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გადამზადების კურსები როგორც პედაგოგიკაში, ასევე პროფესიაში. 2013 წლიდან დღემდე ჩატარდა არაერთი ტრენინგი მოდულური პროგრამების სწავლების სპეციფიკის, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. კერძო სექტორთან თანამშრომლობით მასწავლებლები გადამზადდნენ საწარმოებში. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დამუშავება, რომელიც ეფუძნება ახალგაზრდა პრაქტიკოსი პროფესიონალების მოზიდვას და არსებული კადრების კვალიფიკაციის გაუმჯობესებას და მოტივირებას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროფესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება დიდი გამოწვევაა ახალგაზრდებისათვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება და ხელშეწყობა სხვადასხვა საშუალებებით.

2013 წლიდან დაინერგა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა, რომელმაც 2015 წლის ჩათვლით 1000 მდე სკოლა მოიცვა, პროგრამაში ჩაერთო 30 ათასამდე მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ხვდებიან სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს, იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიის შესწავლისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ, მათთვის ეწყობა ექსკურსიები საწარმოებსა და კოლეჯებში. ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისით, სადაც მათ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო პროფესიების, დასაქმების შესაძლებლობების და ზოგადად პროფესიული განათლების სისტემაში მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ასევე სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სისტემატურად ეწყობა სხვადასხვა ტიპის გამოფენები, კოლეჯები მართავენ ღია კარის დღეებს.

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ცხადდება წელიწადში ორჯერ-გაზაფხულსა და შემოდგომაზე. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სამინისტროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, საინფორმაციო ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა, სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. აღნიშნული ტესტირების მიზანია გამოავლინოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარები და შესაძლებლობები. აქვე აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით. დეტალური ინფორმაცია სისტემისა და ზოგადად მიმდინარე სიახლეების, შესახებ ასევე ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პორტალზე www.vet.ge. პროფესიული განათლების სისტემას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი ჰყავს, მათ შორის არიან: ევროკავშირი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და სხვ. მათი ექსპერტიზა და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფს რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და წარმატებული მაგალითების დანერგვას.


ირინე წეროძე

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.