ახალი ამბები

თელავში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა და ინოვაციების ლაბორატორია ,,ჯეოლაბის” დამფუძნებელი საბჭოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა წარმოადგინეს ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს თელავში ინოვაციების და ტექნოლოგიის სფეროს განვითარება, შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა მომავალი სამოქმედო გეგმა. უახლოეს მომავალში იგეგმება საზოგადოებასთან სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სააგენტოს მიზანი საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირება, სხვადასხვა სექტორებში ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ინოვაციური მეწარმეობის, კვლევების და გამოგონებების კომერციალიზაციის ხელშეწყობა იქნება.
“სააგენტო ქართული ინოვაციების და ტექნოლოგიების ქვეყნის ინდუსტრიაში დანერგვის ხელშეწყობისათვის სპეციალურ ხელშემწყობ პროექტებს და პროგრამებს განახორციელებს. ასევე, ხელს შეუწყობს კვლევების შედეგების კომერციალიზაციის, IT ბიზნესის, დისტანციური დასაქმების, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას და დანერგვას. განახორციელებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას. სააგენტოს მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ექსპორტზე ორიენტირებული IT ინდუსტრიის ფორმირებას, ასევე, ინოვაციური Start-up-ების და ტექნოლოგიური კომპანიების გაჩენის ხელშეწყობას, ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენების ეფექტურობის ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.