დედოფლისწყაროში უწყლოდ დარჩენილი 20 000 სული ცხვარი იხოცება
მეცხვარე ილია უშიშაუძემ Knews.ge-ს განუცხადა, რომ არხი, საიდნაც საქონელი წყალს სვამს, აზერბაიჯანულმა მხარემ ერთი თვის წინ გადაკეტა.
„სულ ცოტა 20 ათასი სული ცხვარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საქონელი უწყლოდაა დარჩენილი. აზერბაიჯანელებს აქვთ არხი გადაკეტილი. მესაზღვრეები გვეუბნებიან, ტექნიკა გაფუებულია და მაგის გამო ვერ ვუშვებთ წყალსო. შეიძლება ერთ კვირაში დაიხოცოს, თუ ცხვარი ისევ უწყლოდ იქნება. წვიმები მოვიდა და მეცხვარეები იმ წყლის გუბეებს ასმევდნენ პირუტყვს. ეხლა ეგეც აღარ არის. მეცხვარეები ვერ მივლენ სამუხის ველზე, ცხვრის დასარწყულებელ ადგილზე, რადგან ფეხით 20 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. გუშინ იყვნენ ჩვენთან დედოფლისწყაროს გამგეობიდან და განცხადებები დაგვაწერინეს, რომ მერე მათ, პრობლემის მოგვარება გუბერნატორს სთხოვონ“, – განუცხადა Knews.ge-ს მეცხვარე ილია უშიშაუძემ.
მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის განცხადებით, პრობლემის მოგვარება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელმაც აზერბაიჯანულ მხარეს იორის არხის გახსნის მოთხოვნით ოფიციალურად უნდა მიმართოს.