თელავში პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა მიესაჯა
“ინტერპრესნიუსს”, მეტრეველის ადვოკატმა, მურად პოპიაშვილმა განუცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის განმარტებით, შუამდგომლობას ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დაერთო.
“სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ექსპერტიზის იმ დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, 19 წლის სანდრო მეტრეველი შეურაცხადია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. პროკურატურა ვალდებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის. სანდრო მეტრეველის მკურნალობა ოჯახმა ამ შემთხვევამდე, 2 წლის წინ დაიწყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც დევს საქმეში”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესს დაესწრო თავად ბრალდებულიც, რომელიც შუამდგომლობას დაეთანხმა.
მურად პოპიაშვილის თქმით, სანდრო მეტრეველს ხონის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
”ინტერპრესნიუსი” დაუკავშირდა თელავის სასამართლოსაც, სადაც განმარტეს, რომ სანდრო მეტრეველს მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, 4 წლით მკურნალობა მიესაჯა.
გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მაია ავახიშვილის გაარჩენას კი ექიმები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბრალდებული სანდრო მეტრეველი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდიანრეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ამ მუხლით ცადენილი დანაშაული ისჯება თავისუფელბის აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით.