პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაცია ყვარელსა და საგარეჯოში გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყველა რეგიონს ესტუმრებიან და დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა საკითხს დეტალურად გააცნობენ. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია უკვე გაიმართა თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში.
15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობითwww.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 წლის ზემოთ პირს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; ასევე არ უნდა იყოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, და, ძმა); დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთერთი. პროგრამისთვის პრიორიტეტულია ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები.
ბიზნეს იდეის წარდგენა 31 მარტამდე გაგრძელდება.