თესაუში ლიტერატურის შესახებ საჯარო ლექციების ციკლი იწყება
პროექტის მიზანი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობაა. ლექციები საქართველოს მწერალთა სახლისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის “საუბრები ლიტერატურაზე” ფარგლებში გაიმართება.
,,თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, ძირითადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ზოგადად ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის. საჯარო, თემატური ლექციები (წლიურად 8 ლექცია) ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს სასწავლო პროცესის პერიოდში. თითო თემაზე (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული) ჩატარდება ორი ლექცია, პირველი ზოგადი და მიმოხილვითი, ხოლო მეორე კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ავტორის შესახებ, მომხსენებლის არჩევანის მიხედვით.
მწერალთა სახლის სურვილია, რომ პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ იყოს არა ერთჯერადი და ერთწლიანი პროექტი, არამედ თელავის უნივერსიტეტის შემდეგ ეტაპობრივად განევრცოს თანამშრომლობა საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით”, – განაცხადეს თელავის უნივრსიტეტში.
გიორგი მაისურაძის ლექცია “გერმანია პოეტებისა და ფილოსოფოსების ქვეყანა” თესაუს სხდომათა დარბაზში 12.00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.