,,ტყის კოდექსში“ ძირეული ცვლილებები შევა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან“ გამომდინარე, ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, სხვა სიახლეების გარდა, ახალი კოდექსით დგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად განსხვავებული წესი, რომელიც ტყეების უკეთესად დაცვას და მის მოვლა-აღდგენას შეუწყობს ხელს.
,,ეს არის ინოვაციური პროექტი და მისი მიზანი არის ტყეების უკეთესად დაცვა, მისი მოვლა-აღდგენის ღონისძიებების სწორად განხორციელება, ასევე მოსახლეობის ემიგრაციის ხელშეწყობა და სატყეო მართვაში მათი დაბრუნება კვალიფიკაციური კადრების გზით. ახალი კოდექსი ითვალისწინებს ტყის ახალ განმარტებას. გარდა ამისა, დაგეგმილია სატყეო მეურნეობის აღდგენაც. კოდექსი, ასევე, სავალდებულოს ხდის ტყის მართვაში პროფესიონალი კადრების მონაწილეობას.
თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება. თუ ამჟამად ტყის მესაკუთრე არის მხოლოდ სახელმწიფო, ახალი კანონის მიხედვით გვაქვს საკუთრების სამი სახე: სახლემწიფო, ადგილობრივი და კერძო საკუთრება, რაც ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალური ტყის მართვის კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა განავითარონ ეს მიმართულება და აქედან მიიღონ როგორც შემოსავალი, ასევე შეძლონ ტყეების უკეთესად დაცვა და მოსახლეობის ჩართვა მართვის პროცესში,’’- განუცხადა Knews.ge-ს კარლო ამირგულაშვილმა.