საგარეჯოში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
შეხვედრა 15 თებერვალს, 10 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლში გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი.
შეხვედრას დაესწრებიან კახეთის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე მინისტრი წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან.
თებერვალში სულ 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ გიორგაძის ვიზიტი საქართველოს ყველა რეგიონში.
Knews.ge-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდსა (www.culturepolicy.ge) და ვიკიპედიაზე.
„კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი).“, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურის სამინისტროში.
მიხეილ გიორგაძის უწყების ინფორმაციით, კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ.