“ხიდაშელმა საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა“
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას თოფაძემ განაცხადა, რომ მარგველაშვილმა ქართველი ხალხი შეადარა დაუნებს,რაც ძალიან სამწუხაროა, ამიტომ მას საქართველოში პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ამ სკანდალური განცხადების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ჰკითხა ისევ იყო თუ არა თოფაძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი.
თავდაცვის მინისტრის ამ რეპლიკას გოგი თოფაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს კითხვითვე უპასუხა:
„რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?“ მისივე მტკიცებით, ხიდაშელმა საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში სამინისტროს რესურსი გამოიყენა.
„ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა,“-განაცხადა გაზეთთან საუბარში გოგი თოფაძემ.
მმართველი კოალიციის წევრის გარდა, თავდაცვის მინისტრს არჩევნების გაყალბებას ედავება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც საგარეჯოში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომლებიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ, სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებდნენ და N2, N13, N45 და N47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდნენ.