დღეს დავით აღმაშენებლის ხსენებაა
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინა.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
წმინდა მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მან მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ, ასევე, ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
შემდგომ დავითი საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან მან ჩამოიყვანა 40 ათასი მეომარი, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.
1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დიდგორის ველზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. დავით აღმაშენებელი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
წმინდა კეათილმსახური მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წელს, აღესრულა. მანამდე მან დაწერა ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი”, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.