ახალი ამბები

,,ნაციონალური მოძრაობა” თელავში გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კომპანიას ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა. 
ბოტკოველის მტკიცებით, ვისოლმა გადაწყვეტილება საქართველოს ენერეგტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გვერდის ავლით მიიღო. ის პასუხისმგებლობას კოალიცია “ქართულ ოცნებასა” და ენერგეტიკის სამინისტროს აკისრებს.
,,ეს არის ,,ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, რომლის მთავარი დაპირებაც იყო რომ უნდა შემცირებულიყო კომუნალური გადასახადები, მაგრამ ჩვენ, თელავში, მივიღეთ ის, რომ 48 თეთრის ნაცვლად გაზის გადასახადი 59 თეთრამდე გაიზრდება”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია’’-ში აცხადებენ, რომ გაზის გაზრდილ გადასახადს ყველა აბონენტი არ გადაიხდის. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ კატეგორიას, რომელთა ტარიფები დერეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდა აისახება იმ მომხმარებლებზეც, რომლებმაც გაზი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იძულებით მიიღეს, რადგან ლარის კურსის გაუფასურებამ მათზე უარყოფითად იმოქმედა. 
“კომპანია იძენს გაზს დოლარებში დაფიქსირებული ფასით და ლარის კურსის გაუარესების გამო მომხმარებლებს ბუნებრივ აირს ვაწვდით შესაძენ ფასზე ნაკლებ ფასში, რაც პირდაპირ გვაზარალებს. მაქსიმალურად ვიკავებდით თავს ამ ნაბიჯისგან, მიუხედავად იმისა, რომ 1 წელზე მეტია, რაც ლარის კურსის გაუარესება გრძელდება. ტარიფის გაზრდა აბონენტების ამ ჯგუფისათვის არ ემსახურება რაიმე მოგების მიღებას. ეს აუცილებელი და იძულებითი ნაბიჯია, რათა ელემენტარულად ტექნიკური პერსონალის ხელფასები გაიცეს და ვუზრუნველყოთ გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო ექსპლოატაცია, მიმდინარე რემონტი, მომსახურება და სხვა აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მსგავსი საქმიანობის განხორციელება”,- განუცხადა Knews.ge-ს კომპანია “ვისოლის” გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორმა დავით ჯირმიზაშვილმა.
1 აპრილიდან ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია’’ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. ადგილირივებმა გაზის გაძვირების შესახებ ოფიციალური შეტყობინება კომპანიისგან უკვე მიიღეს.